მთავრობამ კამპანიის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონება წარადგინა. საპრივატიზებო ქონება დღეს ბიზნესექტორის წარმომადგენლებს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინეს.
როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ჯამში, 150 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გატანილი საპრივატიზაციოდ და მათი პრიტვატიზაციის შემდეგ, ჯამში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პრემიერ გახარიას თქმით კი, მათი მიზანი სამუშაო ადგილების ზრდაა და ამიტომ საპრივატიზაციო ნუსხაში მუდმივად იქნება გამზადებული არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი.
ეკნომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია. მინისტრ თურნავას განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 100 პარალელური აუქციონი ერთდროულად ჩატარდება და ბიზნესს სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით შესყიდვას შესთავაზებს.
100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს.
Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019
“პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე, წინასწარ არის მოგვარებული ყველა ის იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და ა.შ.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზეა განთავსებული. რუკაზე მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე მუნიციპალიტეტში არსებულ სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.