ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 3 თებერვლიდან შესაძლოა, კვლავ ჩაიკეტოს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ დაბაში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს დილით მიაწოდეს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 24 იანვარს გახსნეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ახალგორში მცხოვრებ იმ პენსიონერებს მისცეს, ვინც პენსიას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს.
სპეციალური სიების საფუძველზე, 24 იანვრიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორია 200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რამდენიმე ათეული კი, პენსიის აღების და ახლობლების მონახულების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა ახალგორში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის 24 იანვარს გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორელებს აღნიშნული რეგულაციით სარგებლობის 10 დღიანი ვადა მისცეს.
დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 24 იანვრიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, 3 თებერვალს, ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა კვლავ ჩაიკეტოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას.