სოფელ ქერეში აქციის მონაწილეებს გორის მერი შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა

781

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სოფელ ქერეში, აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი შეხვდა. როგორც გორის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებას სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

„რაც ეხება სოფლის გზას, წყალს სოფლის სტატუსს, განათებას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობამ იცის, ყველაფრის მოწესრიგებას ვიწყებთ 2020 წელში, თუმცა მაინც მოითხოვეს ხელმეორედ გამეორება. ეს ყველაფერი გაკეთდება და 2020 წელი იქნება ქერეს წელი. რაც შეეხება სკოლას, ჩვენ მივმართეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. მათ ნახეს ადგილზე ძველი შენობა. ახლა მიდის თანხების მოძიება, რომ ახალი სკოლა აშენდეს სოფელ ქერეში. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მიდის თანხების მოძიება. მოსახლეობამ გვთხოვა, რომ მოსწავლეებმა არა მერეთში, არამედ ტყვიავში იარონ, ამაშიც შევეცდებით დავეხმაროთ. შვიდ სოფელს მიენიჭება მაღალმთიანი სოფლის სტატუსი და მათ შორის არის ქერეც“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას კოტე თავზარაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის სოფელ ქერეს მოსახლეობამ აქცია გამართა. ქერელები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობამ ადრე გაცემული დაპირებები არ შეუსრულა, ამიტომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.