გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოს წინ შეიკრიბნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მოსახლეობის განმარტებით, იმის გამო, რომ სოფელში ჟურნალისტებს არ უშვებენ, გადაწყვიტეს ამ ფორმით გადაწყვიტეს აქციის გამართვა:
,,სოფელში არ გვაქვს გზა, წყალი, არ არის საბავშვო ბაღი, სკოლა, ელემენტარული პირობები. არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. მიტოვებულები ვართ მთავრობის მიერ,” – განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათი თქმით, სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევს სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. შესაბამისი პირობები, მათი თქმით, არც სხვა სკოლებშია, ამასთან, ტრანსპორტიც შეფერხებით დადის და მოსწავლეებს ფეხით 8 კილომეტრის გავლა უწევთ.
ქერეს მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა.