თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დატოვებას შეეხება.
„თვითმმართველობის ასოციაცია არის როგორც იცით ევროსაბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია, ასე რომ სამწუხაროა, თუ ისინი დატოვებენ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობას. არ ვიცი რას აპირებენ, მათი გეგმების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში. ამავდროულად სისტემატურად ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე მინდა ორივეს მხარეს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ყველას მხრიდან იყოს თავშეკავება როგორც პიროვნული შეურაცხყოფის, ისე ფიზიკური დაპირისპირების და ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა სამუშაო რეჟიმში”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.
„ამ ყველაფრის წამახალისებელი პირველ რიგში კახა კალაძეა, რომელიც თბილისის მერის გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს არჩევს. „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წარმომადგენელი ვართ ამ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ჩვენ გვინდა პროტესტის ნიშნად ეს ასოციაცია დავტოვოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაცია უმოქმედოა და არანაირ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის ხაბეიშვილის მიმართ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე.
ცნობისათვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.