თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალე“ და “ნაციონალური მოძრაობის წევრები” აქციას მართავს. ისინი 24 იანვარს, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას გმობენ, მას მხარდაჭერას უცხადებენ და დაპირისპირებაში მონაწილე „ქართული ოცნების” დეპუტატების დასჯას ითხოვენ.
„ჩვენ ვიკრებებით აქ, რათა პირველ რიგში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხაბეიშვილს და ვაიძულოთ ხელისუფლება, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები. ქვეყანა რეალურად იმართება ასლან აბაშიძის წესებით, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდები ფიზიკურად. მგონია, რომ ასეთი პრაქტიკა უნდა დამთავრდეს და ბიძინა ივანიშვილის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკაც დასრულდება. ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, მაგრამ ამის იმედი რეალურად არ გვაქვს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერცხვენა საზოგადოების თვალში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან მოძალადეები და მათთვის არ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა, გიორგი კუპატაძემ.
აქციის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს, როცა ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმისთვის არავინ დაუსჯიათ.
ცნობისათვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.