აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს

909
ბათუმი

აჭარაში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს არის 2019 წლის ახალი, ასევე წინა წლებში დაწყებული და 2019 წელს მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება.

მაჩვენებელში შედის ყველა პროექტი, რაზეც ხელშეკრულება გაფორმებულია აჭარის მთავრობის მიერ, ან 2019 წელს გაცემულია სამშენებლო ნებართვა.

აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული ინვესტიციის მოცულობის მითითებით. აღნიშნული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 მლრდ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი რეგულაციის ფარგლებში, აჭარაში ბოლო 1 წელში, 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა. შედეგად აჭარაში არ არის არც ერთი შეჩერებული მსხვილი საინვესტიციო პროექტი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის წლის 9 თვის მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, აჭარაში 2019 წელს სოლიდურად არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება მიმდინარე საინვესტიციო პორტფელს, პროექტების მიხედვით საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 4 მილიარდ ლარს. მათ შორისაა განკარგულების ფარგლებში განახლებული 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„აჭარაში არ გვაქვს არც ერთი მსხვილი შეჩერებული საინვესტიციო პროექტი. ყველა პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონში გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და პარამეტრი. საუბარია, როგორც დასაქმებულთა რაოდენობაზე, აგრეთვე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე და ბრუნვაზე. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ზრდა 43%-ით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის აჭარაში არის ჯანსაღი, თავისუფალი და ეფექტური საინვესტიციო გარემო. განსაკუთრებით სასიხარულოა რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი, რაც დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ინდიკატორია“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქსტატის 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ეკონომიკური მაჩვენებლები გაზრდილია, კერძოდ, დასაქმებულთა მონაცემები 4%-ით, ბრუნვა 39%-ით, ხოლო პროდუქციის გამოშვება 23%-ით.