საკრებულოს თავმჯდომარე: ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პირადი შეურაცხყოფისგან და ფიზიკური დაპირისპირებისგან

800

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს და სიმშვიდე შენარჩუნდეს.

„მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან – როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ შენობაში, იყოს სიმშვიდე და მიღებული იყოს უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ ასევე, ამ დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფები, შესაბამისად, ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.

ასევე “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ “ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და სამწუხაროდ მიაღწია ამ მიზანს“.