„ანას ბაღის“ მცხოვრებლებმა მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

500

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ანას ბაღის“ მცხოვრებლებმა, 10 იანვარს, „ანას ბაღში”, ადგილობრივებსა და „ევროპული სამშენებლო კომპანიის” თანამშრომლებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

როგორც „ანას ბაღის” მოსახლეობის ინტერესების დამცველმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, საჩივარი მიმართულია აღნიშნული კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი თქმით, მოსახლეობაზე იძალადეს. ამასთან, მისივე თქმით, საჩივარი ეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინეს.

ადვოკატის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „დაუყოვლებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მოძალადე პირები უნდა დაისაჯონ”.

„ჩვენ შეგვაქვს საჩივარი კომპანიის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც იძალადეს მოსახლეობაზე და განახორციელეს უპრეცედენტო ძალადობა. ასევე, იქ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც რეაგირება არ მოახდინეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოძალადე პირები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. ასევე, დაზიანებულია აქციის მონაწილეების მანქანები, რომლებიც დააზიანეს უშუალოდ კომპანიის თანამშრომლებმა და კომპანიის დაცვის წევრებმა. ამაზეც არის ამ საჩივარში საუბარი და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, მანქანების დაზიანების ნაწილშიც, ძალადობის ნაწილშიც და პოლიციელების მხრიდან გულგრილობის და უმოქმედობის ნაწილშიც”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ ადგილობრივებსა და სამშენებლო კომპანია „ევროპული სამშენებლო” ჰოლდინგის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავა.