ადგილობრივების ინფორმაციით, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მოსახლეობასა და დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, კარავი, სადაც პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ „გისსონის“ თანამშრომლებმა დაარბიეს.
„ჩვენ გუშინ დავაანონსეთ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება. დღეს დილით გამოჩნდნენ დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი კარავი დაანგრიეს, ჩვენს მეზობლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოქალაქის მამუკა დარისპანაშვილის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ გაუსწორდნენ “გისსონის” თანამშრომლები მოქალაქეს.
“მამუკა დარისპანაშვილი კარავში იყო და იცავდა მოსახლეობის მიერ დადგმულ კარავს, დაცვის კომპანია “გისსონის” თანამშრომლებმა კი სასტიკად სცემეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც საავადმყოფოში გადავიყვანეთ… ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, რომელსაც აუცილებლად წარვუდგენთ გამოძიებას”,- განაცხადა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თავად, “ანას ბაღში” მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბენაშვილის ინფორმაციით, დაცვის სამსახურის “გისსონის” წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა და ეს ადგილობრივების დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
გიორგი ბენაშვილის თქმით, დაშავებულ მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი ბორდიურზე აუცდა ფეხი, ხოლო მეორე დაშავებული ქალი ადგილობრივების მიერ გაშლილ კარავს წამოედო.
შეგახსენებთ, ანას ბაღში მოსახლეობა მშენებლობას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს.
ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.
10 იანვარს, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და დააჯარიმეს.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემაა.”