რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურა დაიდგა.
ცენტრალურ პარკში არსებულ ტბის ნაპირთან, ესპანელი მოქანდაკის, ამანსიო გონსალესის სკულპტურული ნამუშევრის ,,ადამიანი ღამურა’’ სამონტაჟო სამუშაოებს, ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქიაც დაესწრო.
ესპანელმა მოქანდაკემ რკინის კონსტრუქციაზე 10 დღე იმუშავა. ქანდაკების სიმაღლე ექვსი მეტრია, ხოლო სიგანე სამ მეტრს შეადგენს.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 11 ივლისს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 8 ქართველი და 3 უცხოელი- ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები იღებენ.
სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 11 სკულპტურული ნამუშევარი ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ქუჩებში განთავსდება.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი 2016 წელს, ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.