ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვს,- ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის განვითარების სააგენტოში დაადასტურეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია „ვანოორდს” ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა.
„როგორც იცით, ხელშეკრულება რაც არსებობდა სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის, შეწყდა. შესაბამისად, „ვანორდის“ ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ არსებობს და მან ტექნიკა ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს. მიწა კი, რაც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა და კონსორციუმს გადასცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს“, – განაცხადეს სააგენტოში.
არსებული ინფორმაციით, ჰოლანდიურმა კომპანია “ვანოორდმა” ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე განთავსებული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.
როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში აცხადებდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან.
სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით, დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები.