თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხვალ NDI-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო გარემოზე. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება საკმაოდ დაძაბული და ხელისუფლება ყველანაირი მეთოდებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ძალის გამოყენებაზე. მისივე განცხადებით, ამის დასტურია ისიც, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული გასულ არჩევნებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებები და ამ დრომდე არ უგიათ პასუხი სხვადასხვა ინციდენტებში მონაწილე პირებს.
”ვისაუბრებთ ყველაფერზე რაც წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებს შეეხება. ალბათ არ გადავაჭარბებ რომ ვთქვა, იქნება უმძიმესი არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი. მოსალოდნელია ძალადობრივი ქმედებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წინა არჩევნებზე ძალადობრივი ქმედებები გამოძიებული არ არის. არ არიან პასუხისგებაში მიცემული დამნაშავე პირები, ვგულისხმობ, კორცხელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვიცით როგორც ჩატარდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ იქნება ძალიან მძიმე და ბინძური წინასაარჩევნო პერიოდი. ამავდროულად, უკვე არსებობს სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდები, რომლის მიზანიც არის ჩემი დისკრედიტაცია და ვრცელდება სხვადასხვა არასწორი და ბინძური ინფორმაციები. თუმცა, მე არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს. ვიცი რა მოხდება და მე ყველაფრისთვის მზად ვარ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი