ისევ გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ამ სეზონზე კურორტ “გომარდულს“. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში საკმარისი თოვლია, სათხილამურო სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილობრივები ტურისტული პოტენციალის მქონე სოფელს ყოველწლიურად ტოვებენ. როგორც ამბობენ, მოლოდინი ვერ გამართლდა და შუახევის მუნიციპალიტეტის 85 ოჯახიანი სოფელი თითქმის დაცარიელდა. სააქციო საზოგადოება ,,გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი მოსახლეობას იმედს ვერ აძლევს.
რამაზ მსახურაძის ინფორმაციით, კურორტს კვლავ ყადაღა ადევს, რომლის გადახდის საშუალება უფუნქციო კურორტის თანამფლობელებს არ აქვთ. მისივე ინფორმაციით, მთავრობამ დავალიანება უნდა შეამციროს ან გადაავადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კურორტის ამოქმედებას ვერ მოახერხებენ.