ციხელაშვილი: ახალგორის მიმართულებით მიმოსვლის გახსნა არის მთავარი საკითხი, რაზეც ყველა ფორმატში ვსაუბრობთ

660

წინა სტატია

შემდეგი სტატია

შესაძლებელია, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გაიმართოს ,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც ახალგორში საოკუპაციო ძალების მიერ გზის ჩაკეტვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართული მხარე ყველა ფორმატში საუბრობს, რათა ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას.

„ჩვენ გამოსავლად ამ მოლაპარაკებების დროს ვთავაზობთ, რომ მოხდეს სრული გახსნა ახალგორის და ჰუმანიტარული საკითხის. შესაძლებელია გაიმართოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, ამისთვის არსებობს ეს და განვიხილოთ ეს საკითხი. დაუშვებელია ჰუმანიტარული საკითხებით, ადამიანების სიცოცხლით, ძირითადი უფლებებით მანიპულირება, ნებისმიერი სხვა მიზნის მისაღწევად. დღეს ეს მოსახლეობა არის საოკუპაციო რეჟიმის ტყვე და მძევალი. ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს იმით, რომ ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ ყველა ფორმატში ვსაუბრობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის შეფასებით, ახალგორში შექმნილი ვითარება მიუღებელია, რადგან ოჯახები თავიანთ ახლობლებს თვეების განმავლობაში ვერ ნახულობენ.

„ის განცხადებები, რომლებიც კეთდება, აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, ძალიან პირდაპირ ითარგმნება იმათ, რომ დიახ, ტყვედ ჰყავთ აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. თქვენ იცით, ამას მთლიანად ცივილიზებულ სამყაროში რა შეფასება აქვს და რა კვალიფიკაცია შეიძლება ასეთ მოქმედებას ჰქონდეს, როდესაც ხდება მოსახლეობის მძევლად აყვანა, დაშინება, მათზე ზეწოლა და რეალურად, სასიცოცხლო, მნიშვნელოვანი საჭიროებების შეზღუდვა. აქ რეალურად ვსაუბრობთ კრიზისზე, მართლაც აქვთ პრობლემები მედიკამენტებზე წვდომის, საკვებ პროდუქტებზე წვდომის, ძალიან ბევრი პენსიონერი ცხოვრობს დღეს ახალგორში და მათ აქვთ პენსია, თუმცა ხელმისაწვდომობა არ აქვთ ამ პენსიაზე. ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი და იმ პირობებში, როდესაც პროდუქტების დეფიციტისას, ფასები გასამმაგებული და გაოთხმაგებულია. შემოსავლის გარეშეა ხალხი დარჩენილი, ოჯახები არის გაყოფილი, წეროვანში თუ ჩაბრძანდებით, ან სხვა დასახლებებში, სადაც დევნილების ნაწილი ცხოვრობს ახალგორიდან, ფაქტობრივად, ყველა ოჯახში ნახავთ, რომ მათი ნათესავები, ახლობლები, მეუღლეები, მშობლები, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებიც არიან მოწყვეტილი საკუთარ ოჯახს უკვე თვეების განმავლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მდგომარეობა. ყველა ფორმატი გამოიყენება ამისთვის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში მუშაობით წინ წავწევთ ამ საკითხს. აქ ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რომ ამ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნა, როგორც მინიმუმ ჩვენ ყველა ფორმატს, ყველა სტრუქტურა, მათ შორის, ჩემი სტრუქტურა და პირადად მეც, ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ყველაზე კრიტიკული, ჰუმანიტარული საკითხი დავაყენოთ, გაიზარდოს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რადგან სიტუაცია არის უმძიმესი, ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, თუ რა ხდება, რა კეთდება, რა მძიმე მდგომარეობასთნ გვაქვს საქმე ამ შეზღუდვით. აქ სხვა საკითხებზე და წინაპირობებზე ვერაფრით ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა მინისტრმა.