თბილისის მერიის დახმარებით ბორჯომის მუნიციპალიტეტს დაბა ბაკურიანში მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონისთვის 10 ავტობუსი გადაეცა. ავტობუსით მგზავრობა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, საკურორტო ზონაში ტრანსპორტი შიდა გადაადგილებისთვის წელს პირველად დაინიშნა და ის დიდველისა და კოხტას საბაგიროების მიმართულებით რეისებს უკვე ასრულებს.
“პრემიერის დავალებით, 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების, ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დაბა ბაკურიანში, საკურორტო ზონაში ტრანსპორტის უზრუნველყოფა, რომელიც წელს პირველად განხორციელდა. ამასთანავე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი სამთო- სათხილამურო კურორტზე მორგებული ტრანსპორტის შეძენის თაობასთან დაკავშირებით. მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის გადაწყვეტილება გაამარტივებს საგზაო მოძრაობას და შეამსუბუქებს საცობებს, იმავდროულად კომფორტულ გარემოს შექმნის დამსვენებლებისთვის. ზამთრის სეზონისთვის სპეციალურად დაბრენდილი ავტობუსები ბაკურიანში წრიული მარშრუტით მოძრაობენ და ყველა ტურისტულ ადგილზე; კოხტას, დიდველის და ე.წ. 25 მეტრიან საბაგიროებთან ჩერდება.
გასვლა ბაკურიანის შესასვლელიდან დილის 09:30 სთ-ზე ხორციელდება და ორივე ადგილისკენ ყოველი 15 წუთის ინტერვალით საღამოს 20:00 სთ-მდე გრძელდება“, – განმარტავენ მერიაში.