ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ ტურისტებს პრობლემები მესტიაშიც შეექმნათ

932

„დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ ჩვენს სასტუმროში დამსვენებლები, მაგრამ გუშინ დენი რომ არ იყო, გააუქმეს ჯავშნები“, – ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმრო „ვილა მესტიას“ მეპატრონემ ლევან დადვანმა განუცხადა.

მესტიის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ დამსვენებელი სასრიალო ტრასებითა და ბუნებით კმაყოფილია, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა, მათ უკმაყოფილებას იწვევს.

„ტურისტული სეზონის დაწყებას დაახლოებით ისე შევხვდით, როგორც სხვა სამთო კურორტები შეხვდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ წყლის პრობლემები არ გვქონია. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს დენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს აქვს გაკეთებული ბიტკოინების მაინერები, რასაც ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, ელექტრო სისტემა კი ლენინის დროს არის გაკეთებული და ვერ უძლებს ამ დატვირთვას. მაგალითად, გუშინ მესტიაში დენი საერთოდ არ მოსულა.

ამასთან, სასტუმროებს გათბობა ელექტროენერგიაზე აქვთ, მათ შორის ჩვენც, თუმცა, ჩვენ შეშაზეც ვთბებით და შედარებით რბილად გამოვძვერით. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცალკე იქ გზის პრობლემაა, არ ხდება გზების გაწმენდა…. დამსვენებლები ბუნებით, დასასრიალო ტრასებით კმაყოფლები არიან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ინფრასტრუქტურულადაც გამართული ყოფილიყო ყველაფერი“, – ამბობს ლევან დადვანი.

„ვილა მესტიას“ მფლობელი ამბობს, რომ სეზონის დაწყებიდან 10 იანვრამდე მესტიაში ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი იყო.

„ტურისსტების რაოდენობა წელს იმიტომ იყო გაზრდილი, რომ სხვა კურორტებზე წყლის და თოვლის პრობლემა იყო და ტურისტები სასრიალოდ თოვლიან სვანეთში ამოდიოდნენ.

დღეისთვის ჩემი სასტუმრო 30%-ით არის დატვირთული და ტურისტების რაოდენობაც კურორტზე მინელებულია“, – აღნიშნა სასტუმროს მეპატრონემ.

ცნობისათვის, ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა ახალ წელს გაჩნდა და ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდიდნენ. ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ზამთრის კურორტებზე პრობლემა მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია. უწყლოობის გამო ტურისტების ნაწილმა ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროები დატოვეს, ასევე გააუქმეს ჯავშნებიც.

საგულოსხმოა ისიც, რომ ბოლო დროს მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები, რის გამოც მოსახლეობამ აქციაც გამართა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სოფელ ლახამულაში ბიტკიონის აპარატები განათავსეს, რის გამოც სოფელს დენის მიწოდება ეზღუდება.

მაშინ აქციის მონაწილეებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა. მისი თქმით, მოსახლეობა ელექტროსადენების შეცვლას ითხოვს. მერის განცხადებით, ადგილობრივების ნაწილს, ასევე, დამონტაჟებული აქვს ბიოტკიონის აპარატი, რის გამოც დანარჩენი მოსახლეობა ზარალდება.