დღეს “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2” გაიხსნა

1096

დღეს, გარდაბანში, “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2” ოფიციალურად გაიხსნა.

“ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – გახსნის ცერემონიალზე განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული თბოელექტროსადგური ეფექტიანი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.

„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას 1 მილიარდ 100 ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება,  ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და სისტემის მდგრადობისთვის გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა უწყებასა და პირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ კოლეგებს, რომლებმაც ფაქტობრივად რეკორდულ ვადებში, დაახლოებით ორ წელიწადში ნავთობის და გაზის კორპორაციასთან ერთად, დაასრულეს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი, დღეიდან უკვე ჩართულია და ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა 230 მგვტ დამატებითი სიმძლავრე. ასევე მადლობა თითოეულ მუშას, რომელიც აქ მუშაობდა, ინჟინერს, ჩვენს სტუმარს ჩინეთიდან, ქართველებს, მშრომელებს, ყველას გილოცავთ ამ დღეს და რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და ასეთი ძლიერი ნაბიჯები ჩვენს გენერაციაში კიდევ ბევრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ,

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2” მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას საქართველოში. ამ პროექტში 190 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავისი სახსრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მშენებლობის დროს 450 ადგილობრივი იყო დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, 200-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება“, – აღნიშნა კორპორაციის ხელმძღვანელმა გივი ბახტაძემ.

ბახტაძის ინფორმაციით, სადგური წელიწადში 1.3 მილიარდი კვტ.სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ყოველწლიური მოხმარების დაახლოებით 11%-ია.