საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“.
„ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ მუ ჟინვეიმ და China National Technical Import and Export Corporation-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ იანგ ბინგმა მოაწერეს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582,777,310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სმაუშაოები.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.
ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს შემადგენელი კომპანია GHEC-ი 1958 წელს დაფუძნდა და მას 61 წლიანი გამოცდილება აქვს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. ბოლო წლებში GHEC-იმ 6,000-ზე მეტი კილომეტრის გზა, 1,200 ხიდი და გვირაბი ააშენა. კომპანიას ხიდებისა და გვირაბების მთიან რაიონებში მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ GHEC-ის მიერაა აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ბეიპანცზიანის ხიდი, ხოლო China National Technical Import and Export Corporation (CNTIC) დაფუძნდა 1952 წელს. მან 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7,000-ზე მეტი პროექტისთვის, შეასრულა საკვანძო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების იმპორტი,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.