გაბუნია: დღეს ვამტკიცებთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება

692

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ მხარი დაუჭირეს.

სასესხო შეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი მზადაა საქართველოს გამოუყოს სესხი 255,100,000 ევროს ოდენობით.

მომხსენებლის განცხადებით, რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით, სამ ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, დაწყებულია სამუშაოები და მეოთხე მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც დარჩენილი იყო საქართველოს მთავრობის 2019წ 26 ნოემბრის N2438 განკარგულების და 2019 წ 26 ნოემბრის N489 პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი).

მაგისტრალის სიგრძეა 15 კილომეტრი, რომელზეც 15 ხიდი და 14 გვირაბი აშენდება. სესხის მოცულობაა 255,100,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობაა – 26 წელი, შეღავათიანი პერიოდი 11 წელი.

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2025 წლის 30 ივნისი. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პროექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილთან დაკავშირებით კი განმარტებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააკეთა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დიდი და ამბიციური სამშენებლო და საგზაო მაგისტრალური სამუშაოებისა, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ, დღეს მხარი დავუჭირეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში რიკოთის უღელტეხილზე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა აშენდება“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.