სუს-ი: ხაშურის სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

576

სტატიის გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა პროვოკაციული აქტივობების შედეგად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ინსტალაციების დემონტაჟის საკითხს დააყენებენ.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე”, – აცხადებენ უწყებაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მახლობლად სიტუაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.