საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ახალი ინვესტორი იტალიელი ფაბიო მანინი იქნება. ქუთაისის მერიამ ინვესტორთა ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
როგორც “ტორპედოს“ პრესსამსახურში განაცხადეს, „ალიანს ჯგუფთან“ და მის წარმომადგენელთან, ფაბიო მანინთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება და ამის შემდეგ იტალიელები კლუბს ოფიციალურად ჩაიბარებენ.
“13 ან 14 იანვარს უკვე გააფორმებენ ხელშეკრულებას და გადაეცემათ კლუბი. როგორც ჩვენ ვიცით, ორი დღის წინ ქუთაისის მერიაში იყო ხანგრძლივი შეხვედრა, იტალიელები ჩამოსული იყვნენ იურისტებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკების შესახებ გვესაუბრა ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და გვითხრა, რომ შეთანხმება მიღწეულია. დეტალები არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ მთავარი ინვესტორი არის ფაბიო მანინი“, – ამბობს „ტორპედოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ედო ბადალაშვილი.
რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ იტალიელები და რა პირობებით გადასცემს მათ ქუთაისის მერია კლუბს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ინვესტორი ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას იღებს. შეთანხმების მიხედვით, ფაბიო მანინმა 500 000 ლარი 15 იანვრამდე უნდა გაისტუმროს.
რაც შეეხება დანარჩენ 800 000 ლარამდე ვალს, რომელიც კლუბს სხვადასხვა ბანკში აღებული სესხების გამო დაუგროვდა, როგორც ცნობილია, ყოფილმა ინვესტორმა ზაალ ჩაჩავამ ვალის მხოლოდ ნაწილი აღიარა. დარჩენილ თანხაზე კი დავა სასამართლოში გრძელდება.
“ტორპედოში“ ახლა ინვესტორის მოლოდინში არიან, თუმცა, რამდენიმე თვიანი კრიზისის შემდეგ კლუბში მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ერთს აქვს მოქმედი ხელშეკრულება, ორი კი ცვლილებების მოლოდინში გუნდს ჯერჯერობით არ ტოვებს. ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედომ“ ფეხბურთელების უმრავლესობა დაკარგა და გუნდი ფაქტობრივად დაშლილია. კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და მეკარემ როინ კვასხვაძემ, რომლებმაც არჩევანი „დინამოზე“ გააკეთეს. ასევე, თორნიკე კაპანაძემ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა. შესაბამისად, ახალ ინვესტორს გუნდის ხელახლა დაკომპლექტება მოუწევს. „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად უკვე განიხილება მიხეილ აშვეთია, რომელიც კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, კლუბში აცხადებენ, რომ ყველაფერი ინვესტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშეა. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.