თვითმმართველობა – საბჭოთა დროის აღმასკომი – ფიქრები დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით

4563

მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს მთავრობამ მორიგი, ბევრი არაფრის მომტანი “2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია” და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იმისდა მიუხედავად, თუ რა წერია შიგნით, ასეთი დამოკიდებულების საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ გავრცელებულ პრესრელიზში სტრატეგიის მიზნად მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება“ წერია.

თავად სტრატეგია, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ამავე პრესრელიზში სიამაყით აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრად ვითვლებოდი და მხოლოდ სამ სამუშაო შეხვედრაზე დასწრების მოწვევა მივიღე, დასწრება კი მხოლოდ ერთხელ შევძელი (წინა დღეს მოწვევისა და თბილისში არცხოვრების გამო).

სამწუხაროდ, ამგვარი შეუსრულებელი სტრატეგიები, არგანხორციელებული ხედვები და აღუსრულებელი კანონები ბევრი გვინახავს და სამწუხაროდ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სტრატეგიაც მათ რიგში ჩადგება და სრულად გაიზიარებს წინამორბედების ბედს. მისი ერთადერთი დანიშნულება აღებული ვალდებულებების შესრულების ილუზიის შექმნაა და არა – ქვეყნის რეალური განვითარების ინიცირება.

სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებად აღიქმება და ფაქტობრივად, იგივე როლს ასრულებს მართვის სისტემაში, რასაც საბჭოთა პერიოდის აღმასკომები, რომლებიც კომპარტიის რაიკომების აღმასრულებელ სტრუქტურას წარმოადგენდა.

პარალელი საკმაოდ მკაფიოა: მაშინაც და დღესაც სახეზეა პარტიული ინტერესების პრევალირება მოქალაქეთა ინტერესებზე.

უფრო მეტიც,მე თუ მკითხავთ, მაშინდელი სისტემა უფრო დემოკრატიულად გამოიყურებოდა, ვიდრე დღევანდელი: მაშინდელი სოფლის საბჭოები წარმომადგენლობის უფრო მაღალი ხარისხის ილუზიას ქმნიდა, ვიდრე თემებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების  მოქმედი სისტემა. მაშინ ბეჭედი მაინც ჰქონდათ და უმნიშვნელო დოკუმენტების დამოწმება მაინც შეეძლოთ.

მაშინაც და დღესაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უფრო საზოგადოების მანიპულირების ინსტრუმენტად განიხილება, ვიდრე სერვისის მიმწოდებელ ინსტიტუტად და შესაბამის შედეგსაც ვიღებთ: დღევანდელი მერიები პარტაქტივის და მათი თანამგრძნობელების[1]  დასაქმების ბიუროებს დაემსგავსნენ. მერიები გადაივსო არაფრის მომტანი შტატებით, რომელთა ერთადერთი დანიშნულება, საჭიროების შემთხვევაში, მრავალრიცხოვან მიტინგებზე ხალხის მობილიზება და არჩევნების პერიოდში საარჩევნო მანიპულაციების წარმოებაა და არა – მოსახლეობისთვის სერვისების გამართული მიწოდება.

ეს შედეგი მიზეზი ხდება კიდევ უფრო უარესი შედეგისა: უსაქმურებით და არაკვალიფიციური კადრებით გაჯერებული სისტემა ეწინააღმდეგება სერვისების მიწოდების მაღალეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ასევე, სერვისების დიდი ნაწილის კერძო სექტორში გადატანას (outsourcing) და სწორედ ამიტომ გვიჯდება ბავშვის მუნიციპალურ ბაღში შენახვა უფრო ძვირი, ვიდრე პრესტიჟულ კერძო ბაღში, ხოლო დასახლების დასუფთავება ბევრად ხარჯიანი, ვიდრე კერძო დამლაგებლის პირობებში იქნებოდა. მსგავსი საკითხების ჩამონათვალი სავალალოდ გრძელია და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს.

გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის სავალალოდ დაბალი ხარისხის მქონე მუნიციპალიტეტები არაეფექტიანი და არახარჯთეფექტური მმართველობის მიზეზია, წარმოვიდგინოთ, რომ „ღმერთი გაგვიწყრა“ და ცენტრში მრავალპარტიული მთავრობა მივიღეთ, რა მოხდება ამ შემთხვევაში ადგილებზე? ამის გაფიქრებაც კი მზარავს – თუ ახლა ერთპარტიულობის პირობებში, ასე თუ ისე, არჩევნების პერიოდში მაინც, რაღაც კეთდება, მრავალპარტიულობის შემთხვევაში, მეეჭვება, რაიმე უმნიშვნელო გადაწყვეტილებაზეც კი შესაძლებელი გახდეს კონსენსუსის, ან თუნდაც კომპრომისის მიღწევა. მუნიციპალიტეტები ბრძოლის ველს დაემსგავსება და ეს ბრძოლა არ იქნება წესების დაცვით. ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, იქნება პროვინციული ინტრიგების აღლუმი, სადაც დავიწყებას მიეცემა კონსტიტუციით დეკლარირებული ძალაუფლების წყარო – მოქალაქე. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ გორის წინა მოწვევის საკრებულოში.

დასკვნა მარტივია: თვითმმართველობის ფორმირების პროცესში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი პოლიტიკური გავლენები და გარანტირებული უნდა იქნას მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობა, რასაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია, ვშიშობ, არც კი განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო დოკუმენტში ამის მაგვარი არაფერი ეწერა.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციაა, რომელიც სტრატეგიაში, ასევე, არ განიხილება.

უბრალოდ, შეუძლებელია, ერთი წერტილიდან 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტისა და ნასოფლარის მართვა, რომელშიც 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელშიც შედის მსხვილი ურბანული დასახლებაც და მაღალმთიანი სოფლებიც რთული რელიეფით, სოფლები, რომლებშიც 6000-ზე მეტი მცხოვრებია და სოფლები, რომელშიც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. არსებობს დასახლებული პუნქტები, საიდანაც მუნიციპალურ ცენტრში 5 წუთში მოხვდები და დასახლებული პუნქტი, საიდანაც ცენტრამდე 3-4 საათი შეიძლება არ გეყოს, ისიც, თუ ამინდი შეგიწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლიური გორის მუნიციპალიტეტი მაქვს მხედველობაში, თუმცა, საქართველოში არის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც მუნიციპალურ ცენტრში მოსახვედრად ადამიანი იძულებულია, ტრანსპორტი სხვა მუნიციპალიტეტში გამოიცვალოს.

ასევე, სახეზეა უდიდესი დისპროპორცია მუნიციპალიტეტებს შორის, როდესაც ერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 34-ჯერ აღემატება მეორისას. ეს კი არა, ერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 4-ჯერ მეტია მთელი რეგიონის მოსახლეობაზე და თითქმის 3-ჯერ აღემატება საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ უფრო დიდი ასიმეტრიაა ურბანულ და სასოფლო დასახლებებს შორის, რომლებშიც პრობლემები კონტექსტშივე განსხვავდება: მაგალითად,თუ ქალაქში წყლის პრობლემა დაბალი წნევა და ტუმბოს გამოყენების აუცილებლობაა, სოფლების დიდ უმრავლესობას წყლის მხოლოდ მცირე ხნით მიწოდება და ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ წყლის სისტემის არარსებობა აწუხებს. აღარაფერს ვამბობ კულტურულ სხვაობაზე დასახლების ტიპებში, ეკონომიკის და სერვისების ორგანიზების განსხვავებულ გარემოზე და კიდევ ბევრ სხვა ასპექტზე.

თავის დროზე მუნიციპალიტეტების უკიდურესი გამსხვილების რეალური მიზეზი ასევე პოლიტიკური იყო: მაშინ ჩათვალეს, რომ არჩევნების 70 წერტილში მართვა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე 300-სა და მეტში და ამიტომ მარტივად გადაწყვიტეს საკითხი: დაარქვეს ბრიტანული მოდელი და გაამსხვილეს ერთეულები, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ 70 ერთეულში არა მხოლოდ მოგება, არამედ წაგებაც მარტივია და, თუ ცენტრში წააგე, არსებული სისტემით, რეგიონი ავტომატურადაა წაგებული.

თვითმმართველობის ეს ორივე ასპექტი უმთავრესია თვითმმართველობის სისტემისა და მთლიანად დეცენტრალიზაციის პროცესისთვის და მათ გარეშე რეალურ რეფორმაზე საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია.

ვსაუბრობთ უფლებამოსილებების გაზრდაზე, ქონებისა და ფინანსების გადაცემაზე, რასაც უდავოდ მივესალმები, მაგრამ, თუ ისევ შევინარჩუნებთ მართვის არაეფექტიან მექანიზმებსა და არანორმალურ მასშტაბებს, ბევრს ვერაფერ ეფექტს მივიღებთ. მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ ოდნავ მივუახლოვდებით ნორმალური მართვის სისტემას და იმას, რასაც ნორმალურმა ქვეყნებმა 7-10 წელიწადში მიაღწიეს, ჩვენ უკვე თითქმის 30 წელია, ვაკეთებთ და ამ ტემპებით კიდევ ორ მაგდენს მოვუნდებით.

ეს ყველაფერი დიდი პრობლემა არ იქნებოდა, რომ დეცენტრალიზაცია ნორმალური ქვეყნის შექმნის წინაპირობა და საფუძველი არ იყოს. ამ პროცესის რეალურად განხორციელებაზეა დამოკიდებული სხვა სფეროების განვითარებაც, თუნდაც, იგივე სასამართლო რეფორმა – ნორმალური სასამართლო თანაბარუფლებიან და დამოუკიდებელ სტრუქტურებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დალაგებას სჭირდება, თორემ ბატონსა და ყმას შორის ურთიერთობა (დღევანდელი დამოკიდებულება ცენტრსა და ადგილებს შორის სწორედ ამას მაგონებს)  ტერმინების დონეზევეა განსაზღვრული. შესაბამისად, თუ მმართველ სისტემას არ დასჭირდა ნორმალური სასამართლო, იგი არასდროს გვექნება.

ამ ლოგიკას თუ მივყვებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ მართვის ნორმალური, დეცენტრალიზებული სისტემის შექმნაა, რაც, საბოლოო ჯამში, გახდება ქვეყნის რეალური და შედეგიანი რეფორმირების მიზეზიც და გარანტიც. ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ, მოვაწესრიგოთ ცალკე აღებული გარკვეული სფეროები და სამწუხარო შედეგი სახეზეა.

ალბათ, ბევრი იტყვის, კრიტიკა მარტივია და გამოსავალზე არაფერს ამბობსო, რაზეც ვუპასუხებ, რომ გამისავალი რეალური რეფორმის დაწყებაა, რომელიც ბევრი ადამიანის გასაკეთებელია და რომელსაც მტკიცე პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც, ჯერჯერობით, ახლო პერსპექტივაში ვერ ვხედავ.

ამ ახალ წლებზე პესიმისტურად რომ არ დავამთავრო, გულწრფელად მჯერა, რომ ოდესმე დადგება დრო, როდესაც მოქალაქეები პრინციპულად მოითხოვენ და მთავრობასაც ექნება ნება, დაიწყოს რეალური, სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული დეცენტრალიზაციის რეფორმა ქვეყანაში.

—–

[1] ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, საბჭოთა დროს საზოგადოება ორად იყო გაყოფილი: კარგი უმრავლესობა, რომელსაც პარტიულები და მათი თამამგრძნობელები (რუსულად Сочувствующий) შეადგენდნენ და ცუდები – კრიმინალები, ანტისაბჭოთა ელემენტები და მისთანანი.