მოწერელია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

534

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ალექსანდრე მოწერელიამ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მისი განცხადებით, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია.

2019 წელს რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა, შენდება 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი.

გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს – ჰეშკილსა და ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა.

დასრულდა 2 და მიმდინარეობს 24 ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრები აბაშასა და მარტვილში, მიმდინარეობს კიდევ 7 ცენტრის მშენებლობა. მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 30 578 ბენეფიციარი 9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს. უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს, დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში. მიმდინარეობს დამატებით 5 კორპუსის მშენებლობა.

ამასთან, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 95 საჯარო სკოლას, რისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები.

„მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები. გაძლიერდება განათლების სფეროს დაფინანსება – მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონის 14 სკოლას და მოხდება 9 სკოლის მშენებლობა, ამასთან აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი.

2020 წელს გაგრძელდება ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი. დევნილებისთვის ზუგდიდში შენდება დამატებით ხუთი 12 სართულიანი კორპუსი, რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა გადაეჭრება. განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდმა, მომავალ წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის მომავალ წელს ინტენსიურად მოხდება სპორტული ობიექტების და საბავშვო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2020 წელს დასრულდება ზუგდიდის და ფოთის სტადიონების მეორე ეტაპის სამუშაოები, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს – ზუგდიდს ექნება ახალგაზრდული ცენტრი და ზვიად გამსახურდიას სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.