მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ტექნოპარკში მიმდინარეობს, თხილი და კაკალი მიიტანეს. ამასთან, მათ ხელში ტრანსპარანტი უჭირავთ წარწერით: #შეცვალე უსაქმური გუბერნატორი. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს რადიო ათინათი ავრცელებს.
აქციის მონაწლეები ამბობენ, რომ ასახელმწიფო რწმუნებული არაფერს აკეთებს, ზუგდიდი კი ახალ წელს გადათხრილი ქუჩებით ხვდება.
“გადათხრილია ქუჩები და რისი ანგარიში უნდა წარადგინოს ამ ადამიანმა, არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს? დაწერილს კითხულობს უბრალოდ. წერე-იკითხეა ეს ადამიანი. წელს არის თაგვის წელი. სწორედ ამის ნიშნად მოვუტანეთ თხილი და კაკალი. შეუძლია დაჯდეს, ან ამტვრიოს. რაღაც მაინც გააკეთოს. თვითონ მაინც დასაქმდება. შიგნით არ შეგვიშვეს – ცირკს აწყობთო”, – აცხადებს მოძრაობის წევრი დარიკო არქანია.
აქციის მონაწილეების თქმით, ალექსანდრე მოწერელია უსაქმური გუბერნატორია და თხილეულის გარჩევით მაინც დაკავდეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა და ანგარიშის წარდგენაზე თხილის შეტანა უნდოდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ განუმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრება და კითხვების დასმა შეუძლიათ, თუმცა თხილს და კაკალს ვერ შეატანინებენ.
„დაესწარით შეხვედრას, დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ და მიიღეთ პასუხები. თხილს და კაკალს ვერ შეგატანინებთ, რადგან ეს პირველ რიგში შეხვედრის მონაწილეების შეურაცხყოფა იქნება”, – უთხრა მათ ლაგვილავამ.
აქციის მონაწილეებმა ანგარიშის მოსმენა არ ისურვეს.