პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მთავარი ნაძვის ხე აინთო მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა სასუქი მიიტანეს, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა კი განაცხადა, რომ სასუქი ნაძვის ხის გასაზრდელად მიიტანეს.
“კახა კალაძემ ჩამოიტანა ნახ-ნახევარი ხე. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სასუქი დავყაროთ, რომ 31 დეკემბრამდე იქნებ რამენაირად დაემსგავსოს ნაძვს”, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია მაქსიმალურად შეეცადა, ქალაქის ცენტრალური საახალწლო ნაძვის ხე “ნატურალურ ნაძვის ხესთან” ყოფილყო მიმსგავსებული და მსოფლოში ეს “ახალი ტრენდია”.
მას მერე, რაც ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აეწყო, მასზე ბევრი ჭორაობა და გაკრიტიკებაც მოასწრეს, თუმცა, როგორც მერიაში ირწმუნებიან, ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია.
ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება, ერთწლიანი გარანტია აქვს. თბილისის მერიამ ის იტალიაში 305 000 ევროდ იყიდა, იტალიურ კომპანია IDO SRL-ისაგან. ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდება თბილისის ქუჩების ნაწილი. ახალი დეკორაციებისთვის კი 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა.