25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე. 18:00 საათიდან კი აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან დაიკეტება, რის გამოც ელბაქიძის დაღმართიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვერ განხორციელდება.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები სამართალდამცველებისგან დამატებით ინსტრუქციას ადგილზე მიიღებენ.