2 წელში თერჯოლის მუნიციპალიტეტმა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 57 ათას ლარამდე საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯა

731

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2 წელში – 2017-2018 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტმა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 57 ათას ლარამდე საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით უნდა მოხდეს, თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, არასრული დაფინანსების გამო, მუნიციპალიტეტებს თანხების საკუთარი ბიუჯეტიდან დამატება უწევთ.

როგორც ირკვევა, ამ მხრივ გამონაკლისი არც თერჯოლის მუნიციპალიტეტია, რომელსაც 2017-2018 წლებში, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის სახით თითოეულ წელს – 160.0 ათასი, ჯამში კი, 320 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული ტრანსფერიდან დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და ომის
ვეტერანები.

აუდიტის სამსახური ანგარიშიდან ჩანს, რომ გარდა მიზნობრივი ტრანსფერისა, ამავე წლებში მუნიციპალიტეტმა დელეგირებული უფლებამოსილების დასაფინანსებლად საკუთარი ფინანსური რესურსიც გამოიყენა. “კერძოდ, 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 11.0 ათასი ლარით და ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური” − 6.8 ათასი ლარით, 2018 წელს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური − 28.7 ათასი ლარით და ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური” − 10.1 ათასი ლარით”, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები, ძირითადად, გამოყენებულია შრომის ანაზღაურების დაფინანსების მიზნით, რისი დაგეგმვა და გაანგარიშებაც მუნიციპალიტეტს წინასწარ შეეძლო წინასწარ. გარდა ამისა, უწყებისვე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღების მიზნით ჩატარებული არ აქვს.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017-2018 წლებში მერიას არ მოუთხოვია დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის მოცულობის გაზრდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ უმსჯელიათ საქმიანობა განეხორციელებინათ დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ფარგლებში. ამდენად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.