მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებული 6 ადამიანიდან ორს გირაო შეეფარდა, 4-ს კი პატიმრობა

1192

წინა სტატია

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებული 6 პირიდან ორს გირაო შეუფარდა, 4-ს კი პატიმრობა. ამით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსს დავით კავთიაშვილს 25 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტს ნინო გულბანს -10 ათასი ლარის ოდენობის გირაო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ ლიპარტელიანს, ასევე მოქალაქეებს – რამაზ მარგველანს, ზურაბ ბარბაქაძეს, ვახტანგ ზურაბიანს კი პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს დაინიშნა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი შესაძლო ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.