პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის, მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. ასევე, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ერთნაირი იქნება.
რაც შეეხება 112-ის მომსახურების საფასურის ზუსტ ოდენობას, ის მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 50 თეთრი.
112-ის მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.