მთავრობამ ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შექმნა. მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ კომისია საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ამასთან, კომისია ჯანსაღი ქალაქების საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს.
კომისიას ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, ხოლო წევრები სხვადასხვა უწყების მინისტრების მოადგილეები არიან. დადგენილების თანახმად, კომისია კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.
მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში ასევე წერია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრმა (NCDC) ერთი თვის ვადაში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის დებულება უნდა მოამზადოს.
საკანონმდემდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დებულის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ქალაქების სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანმრთელობის მაღალ დონეზე აყვანის მიზნით დასახული ქმედებების ხელშეწყობა;
ბ) ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და მოქმედების დანერგვა, რომელიც ხაზს უსვამს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის თანასწორობის განმსაზღვრელ და ევროპული პოლიტიკის პრინციპებს: ჯანმრთელობა ყველასათვის და ჯანმრთელობა 2020;
გ) ხელი შეუწყოს ინტერსექტორულ და მონაწილეობაზე დაფუძნებულ მმართველობას ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და თანასწორობის საკითხებში ყველა ადგილობრივ პოლიტიკაში და ჯანმრთელობის ინტეგრირებულ დაგეგმვას;
დ) პოლიტიკისა და პრაქტიკული გამოცდილების, ჯეროვანი მტკიცებულებების, ცოდნისა და მეთოდების გენერირება ქვეყნის ყველა ქალაქში ჯანმრთელობის ხელშესაწყობად;
ე) კომისიის ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.