ანა დოლიძე საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს, რომლის მიხედვით, მერია ვეღარ გაასხვისებს რეკრიაციულ ტერიტორიებს

392

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატებმა ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა და კანონში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ დამატებების შეტანა მოითხოვა.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მიწის კანონში არსებული ხარვეზები აძლევს საშუალებას მერიას და გამგეობებს, კორუფციული თუ ნეპოტისტური გარიგებით, რეკრეაციულ ტერიტორიებზე გასცენ ბეტონის კორპუსების მშენებლობის უფლება.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისში ხდება არასწორი განაშენიანება იმ ადგილებში, სადაც წესით უნდა იყოს რეკრეაციული სივრცეები, არის მიწის კანონში არსებული ხარვეზები. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მერიასა და საკრებულოს თვითნებურად, ხშირად საეჭვო გარიგების მიხედვით გაასხვისოს საჯარო მიწა. ჩვენ, პარტიას „ხალხისთვის“ გვაინტერესებს საქმე და მხოლოდ საქმე. სწორედ ამიტომ წარვადგენთ პარლამენტში წინადადებას, რომლის დამტკიცების შემთვევაში, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერიისთვის შეუძლებელი იქნება. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოხდება საჯარო სივრცეების გასხვისების შესაძლებლობის ჩაკეტვა და ვიღაც ჩინოვნიკს აღარ შეეძლება კორუფციული გარიგების სურვილით, გაასხვისოს ის ტერიტორია, სადაც უნდა იყოს პარკი და სასუნთქი სივრცე ბავშვებისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.