ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
ცენტრალურ ბიუჯეტს “გროშ-კაპიკ-მანეთი” არ უნდა მოაკლდეს, მუნიციპალიტეტები კი წყალსაც წაუღია – ასე ფიქრობს ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც, როცა მოუნდება, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, თუ უბრალოდ, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების ჩასაცხრობად, შეღავათებს მუნიციპალური ბიუჯეტების ხარჯზე აწესებს და, ვალდებულების მიუხედავად, სანაცვლო თანხასაც არ აძლევს.
ასე მოხდა ახლაც – ხელისუფლებამ, რომელიც ამტკიცებს, რომ, თურმე, თვითმმართველობის გაძლიერებაზე დღედაღამ შრომობს და დეცენტრალიზაციის სტრატეგიით აღებულ ვალდებულებებსაც (მათ შორის, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში) ლამის 100%-ით ასრულებს, მუნიციპალიტეტებს ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები, ჯამში, 39 მილიონზე მეტი, ისევ წაართვა.
როგორც იცით, ქონების გადასახადი ის ერთადერთი გადასახადია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტებში სრულად რჩება და რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარ შემოსავლებს იღებს. მათი ფისკალური დამოუკიდებლობაც სწორედ ამ ერთადერთ გადასახადზე ჰკიდია, დანარჩენ თანხებს მუნიციპალიტეტები, სხვადასხვა ტრანსფერის სახით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერვე დადგენილი, ხშირად გაურკვეველი, უსამართლო და გაუმართავი ფორმულებით იღებენ. სწორედ ამ ერთადერთი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროს შემცირებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებს, არამედ დამოუკიდებლად არსებობის მინიმალურ შესაძლებლობასაც კარგავს.
ინიციატივის ავტორები – მაჟორიტარები და თვითმმართველობის ორგანოების ყოფილი მაღალჩინოსნები
აპრილის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პანდემიით დაზარალებულ ტურისტულ სექტორს ქონების გადასახადს ჩამოაწერდა. საბოლოოდ, მთავრობის ნაცვლად, საკითხზე პარლამენტმა იმუშავა და საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტიც, რომელიც გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უკვე მიიღო, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა – დავით სონღულაშვილმა (ორგზის მაჟორიტარი კახეთიდან), გოჩა ენუქიძემ (ოთხგზის მაჟორიტარი რაჭა-ლეჩხუმიდან), ეკა სეფაშვილმა (ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი), ვასილ ჩიგოგიძემ (ორგზის მაჟორიტარი გურიიდან), ელგუჯა გოცირიძემ (ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი), გელა სამხარაულმა (ორგზის მაჟორიტარი კახეთიდან), ირმა ზავრადაშვილმა (დიდუბის ყოფილი გამგებელი) და რამინა ბერაძემ (თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი) მოამზადეს.
როგორც ხედავთ, ეს ის დეპუტატები არიან, რომლებიც, წესით, პარლამენტში თვითმმართველობის ინტერესებს ყველაზე მეტად უნდა იცავდნენ, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რა მდგომარეობაშია მუნიციპალური ბიუჯეტები, მაგრამ, ფორმალურად, სწორედ მათი ინიციატივის წყალობით, მუნიციპალიტეტები 39 მილიონით ზარალდებიან.
რა ცვლილება შევიდა კანონში, ვინ როგორ იხეირებს, ან იზარალებს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით და რატომ არღვევს ხელისუფლება თვითმმართველობის კოდექსს?
შეღავათები კოვიდპანდემიით დაზარალებული ბიზნესის ნაწილს ეხება. კერძოდ კი, ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდებიან: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.
ჯამში, როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, ამ შეღავათით 3080 გადამხდელი ისარგებლებს, რაც, რა თქმა უნდა, ამ შეღავათებით მოსარგებლე ბიზნესისთვის ხელსაყრელია – მათ საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ, თუმცა, ზარალდებიან მუნიციპალიტეტები, რომლებთანაც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა კონსულტაციაც კი არ გაიარეს.
ქონების გადასახადიდან შემოსავლები, სხვადასხვა მოცულობით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს დააკლდება. დაწესებული შეღავათების წყალობით, მაგალითად, თბილისი 18 მილიონამდე ლარს დაკარგავს, ბათუმი – 10 მილიონამდე, თელავი – 2 მილიონზე მეტს, ქობულეთი და ბორჯომი – 1 მილიონზე მეტს. ისეთი ღარიბი და დეპრესიული მუნიციპალიტეტები, როგორებიცაა ყაზბეგი, დუშეთი და ხულო – 900 000-ზე მეტს, 800 000-მდე და თითქმის 600 000-ს, ეს მაშინ, როცა ამ სამ მუნიციპალიტეტში ყველა სახის ქონებიდან მიღებული გადასახადი ისედაც მწირია და 2-4 მილიონს ვერ ცდება.
ორადორი მუნიციპალიტეტი, რომელიც ქონების გადასახადიდან შემოსავლებს არ დაკარგავს, დმანისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებია, თუმცა, რატომ ვერ მოხვდა ეს ორი მუნიციპალიტეტი ამ სიაში, ამაზე არც განმარტებით ბარათში წერია რამე და არც ზეპირსიტყვიერად განუმარტავს ვინმეს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში მოხვდა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტიც, რომელსაც ქონების გადასახადიდან 2,263 ლარი მოაკლდება. როგორც ცნობილია, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის მსგავსად, დევნილობაშია და ადმინისტრაცია წეროვანის დევნილთა დასახლებაშია განთავსებული.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: რომელი მუნიციპალიტეტი რამდენს დაკარგავს მთავრობის მიერ ბიზნესისთვის ჩამოწერილი ქონების გადასახადიდან
არავინ დავობს, რომ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესს მხარდაჭერა და სტიმული სჭირდება, მაგრამ არა – არანაკლებ დაზარალებული მუნიციპალიტეტების ხარჯზე. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორ დეპუტატებს მცირეოდენი ინტერესი მაინც რომ გამოეჩინათ, აღმოაჩენდნენ, რომ იმავე პანდემიის დროს გაწეული სხვადასხვა ღონისძიების გამო არაერთ მუნიციპალიტეტს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოუხდა, შემდეგ კი, იმისათვის, რომ ადგილობრივი საჭიროებები დაეკმაყოფილებინა (მათ შორის, მაგალითად, თანამშრომელთა ხელფასები გაეცა), ფინანსთა სამინისტროდან სესხის აღება მოუწია. მაგრამ რა საჭიროა საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა?! მთავარია, მთავრობას (უფრო კი პარტიას) იდეა მოუვიდა და ის უნდა აღსრულდეს! და აღასრულეს კიდეც.
ეს გადაწყვეტილება ასეთი პრობლემური და დამაზარალებელი შეიძლება არც ყოფილიყო, ხელისუფლებას კანონი მაინც რომ დაეცვა, მაგრამ კანონმდებლებმა არც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დაცვაზე იზრუნეს.
კოდექსი კი პირდაპირ ამბობს: “საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან” (მუხლი 103. შემოსავლების კომპენსირება).
მარტივ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ, კანონით, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, მუნიციპალიტეტებს დანაკლისი აუნაზღაუროს და 39 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაუბრუნოს. მაგრამ ფინანსთა სამინისტრო რისი ფინანსთა სამინისტროა, რომ თვითმმართველობის დამაზიანებელი გადაწყვეტილება არ მიიღოს? ეს უწყება ხომ, უკვე წლებია, ყველაფერს აკეთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ განვითარდეს, მუდმივად ცენტრალურ ბიუჯეტზე იყოს დამოკიდებული და ამით ცენტრალური ხელისუფლებისადმი მუნიციპალიტეტების უტყვი მორჩილება შეინარჩუნოს.
როგორ მიიღო პარლამენტმა გადაწყვეტილება და რას აკეთებდნენ დეპუტატები მაშინ, როცა კანონპროექტი განიხილებოდა?
რომელი მუნიციპალიტეტი რამდენს დაკარგავდა, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა დეპუტატებმა განმარტებით ბარათში დეტალურად ასახეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტში ამისი წამკითხავიც არავინ აღმოჩნდა.
პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები სამი მოსმენით ისე მიიღო, რომ ის, მაგალითად, თვითმმართველობის კომიტეტს არც კი განუხილავს. ანკი როგორ განიხილავდა, როცა კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, ზუსტად ამ დროს “ომის მოსურნეთა” მხილებისთვის ემზადებოდა და ხუნდაძე-ყაველაშვილთან ერთად, პარტიაში ბოლო რეპეტიციებს გადიოდა? სად ეცალა თვითმმართველობისთვის…
რა ქნეს დანარჩენმა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა? არაფერი! როგორც ჩანს, მათ კანონპროექტი არც კი წაუკითხავთ, ან იმდენად უმნიშვნელო საკითხად მიიჩნიეს, რომ მათი მაღალი ყურადღება ვერ დაიმსახურა.
საკანონმდებლო ცვლილებები პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით 21 და 23 ივნისს განიხილეს და კენჭიც უყარეს, თუმცა, ასეთი რეკორდულად მოკლე დრო, ალბათ, სხვა არცერთი კანონპროექტის განხილვას არ დასჭირვებია: პირველი მოსმენა პარლამენტის სხდომაზე ზუსტად 1 წუთსა და 99 წამში დასრულდა, მეორე მოსმენას 1 წუთი და 49 წამი დასჭირდა, მესამე მოსმენას კი 40 წამი ეყო. ანუ, ჯამში, პარლამენტის წევრებმა ამ საკითხის “განხილვაზე” 3 წუთი და 88 წამი დახარჯეს. არც კითხვა ჰქონია ვინმეს და არც მოსაზრება, არადა სამივე სხდომას ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა – მმართველი პარტიიდანაც და ოპოზიციიდანაც. აი, ასე ესმით პოლიტიკოსებს საკუთარი პასუხისმგებლობა!
უყურეთ ვიდეოს, თუ როგორ წაართვეს მუნიციპალიტეტებს 39 მილიონი
სად არის გამოსავალი?
ახლა ერთადერთი გამოსავალი პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების გასაჩივრებაა. ამის გაკეთება კი ერთადერთს – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეუძლია, მაგრამ აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე, ან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ან ნებისმიერი სხვა მერი საკუთარი მუნიციპალიტეტის და მისი მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს სასამართლოს წესით იცავს და ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდება. სავარაუდოდ, ვერ წარმოიდგინეთ და ასეც არის – ამისათვის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და მოსახლეობის წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულება უნდა გქონდეს. ამ ქვეყნის თვითმმართველობა კი არც დამოუკიდებელია და არც – მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული. მათ სწორება ერთადერთზე აქვთ – მშობლიურ მმართველ პარტიაზე, რომლის გადაწყვეტილებებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუნდაც ის მათ უფლებებს არღვევდეს.