პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თემატური პარკების, ეთნოსოფლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები დაემატა

887

იმ პრიორიტეტულ მიმართულებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა, არის ტურისტული სერვისები – თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარების მხარდაჭერა ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივია. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯია.

„ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი, გამწევი ძალა, გარდა სასტუმროებისა, დავამატეთ ე.წ. ტურისტული სერვისები – ეს არის თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 19 დეკემბრის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის, კერამიკული საშენი მასალებისა და სანტექნიკური ნაკეთობების, ასევე ტურისტული სერვისების განვითარება.