გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის სახურავი შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ დასკვნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერიას გაუგზავნეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
დასკვნის მიხედვით, არსებული სახურავის ფორმა არ წარმოადგენს ძველ ფოტოებზე დაფიქსირებულ, თითქმის დანგრეული სახლისთვის შესამჩნევ ჭერის ფორმას:
,,სახლ-მუზეუმი გადაკეთებულია, და მისი აღდგენა მოხდა 2003 წელს, რეაბილიტაციის შედეგად შენობა მიახლოებულია მაზნიაშვილისეულ საცხოვრისთან, მხოლოდ გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამედროვე გადახურვა გვიანი პერიოდის გადაკეთების კვალს ატარებს. ვინაიდან, რეგიონის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურას უფრო დამრეცი გადახურვა ახასიათებს. მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით, დარღვეულია ნაგებობის აუთენტური სახე და საარქივო ფოტომასალაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად, შენობას სწორედ მცირედ დამრეცი გადახურვა უნდა ჰქონოდა”, – წერს არქიტეტორი გიორგი სოსანიძე.
გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი დაფუძნდა 1990 წელს და ფუნქციონირებს. მუზეუმში ინახება 122 ექსპონატი და მასში დაცულია გენერალის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დააწინაურეს და მისცეს გენერლის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.1921 წელს, გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა.
საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში და დასახლდა თავის მამაპაპისეულ სოფელ სასირეთში მან ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წელს, რეპრესიების დროს გიორგი მაზნიაშვილი დაიჭირეს და დახვრიტეს.
ფოტოზე: მარცხნივ – სახლი რეაბილიტაციამდე, ხოლო მარჯვნივ – საპროექტო ნახაზი