შპს „ასტორია“, რომელიც ვალეში ასფალტს აწარმოებს, გარემოს დაბინძურებისთვს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის გარდა, კომპანიას მოუწევს გარემოზე მიყენებული ზიანის გადახდაც, რამაც ერთ წელში 14 771 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ტვ6 ნიუსი წერს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალეში, ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში სამართალდარღვევები ნოემბრის დასაწყისში გამოავლინეს და ოქმი შეადგინეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი და ნარჩენების მართვის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ფიქსირდებოდა.
ჰაერისა და მდინარე ფოცხოვის დაბინძურების გარდა, სახიფათო ნარჩენები აღმოაჩინეს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც ინსპექტირების ჯგუფმა გარემოს დანაგვიანება დააფიქსირა. მასალები ახალციხის რაიონულ სასამართლოში გააგზავნეს, რის საფუძველზეც შპს „ასტორია“ მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო.
შპს “ასტორიას” დირექტორი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი საწარმო ჰაერს და მდინარეს არ აბინძურებს. მალხაზ მანველიშვილი “მეცხრე არხთან” საუბრისას განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იცნობს. გაასაჩივრებს თუ არა, მას შემდეგ გადაწყვეტს, როცა მოსამართლის გადაწყვეტილება ჩაბარდება.
მხარეებს 10-დღიანი ვადა აქვთ, რომ გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრონ.
გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტის პაატა პარუნაშვილის განმარტებით, კომპანიას გონივრული ვადა მიეცემა, რომ დარღვევები გამოასწოროს. ვადის ამოწურვის შემდეგ, ქარხანას ისევ შეამოწმებენ.
ეს მიმდინარე წელს შპს “ასტორიას” დაჯარიმების პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია 23 მაისს გარემოს ზემოქმედების ნებართვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. დაანგარიშდა გარემოზე მიყენებული ზიანიც – 1623 ლარი.