მაწანწალა ძაღლები – დღემდე მოუგვარებელი პრობლემა ბათუმში

1769

ბათუმში, მიუსაფარი ცხოველები მომრავლდა. ბათუმელები ახალ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. მოქალაქეები ბათუმის მერიას მიუსაფარი ცხოველების პრობლემის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

პედაგოგი ბათუმში, მიუსაფარი ცხოველების მომრავლების ფაქტზე საუბრობს, თუმცა თეონა ყურშუბაძე ცხოველების ევთანაზიის წინააღდეგია. ყურშუბაძე იხსნებს იმ ფაქტსაც, როდესაც თამარის დასახლებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ  ძაღლები, რომლებიც ხელს არავის უშლიდა გამქრალია.

ცხოველთა დამცველი ფიქრობს, რომ პრობლემა იმაზე რთულადაა ვიდრე ოდესმე იყო. ნატალია ვაჟაევას თქმით, ხშირად, ტურისტებს ჰქონიათ იმის სურვილი, რომ მიუსაფარი ცხოველების ქვეყნიდან გაეყვანათ, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბათუმში მცხოვრები მაწანწალა ძაღლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას მოითხოვს, სადაც ოთხფეხა მეგობრებს სიცოცხლისთვის საჭირო პირობები ექნებათ. ნინო დიასამიძე ითხოვს, რომ ბათუმის მერიამ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა დროულად მოაგვაროს.

ბათუმის მერია ქუჩაში მყოფ ძაღლებს აცრასა და კასტრაციას უკვე წლებია უკეთებს. აგრესიულ ძაღლებს კი აძინებენ.

ირკვევა, რომ ბათუმის მერია ახალი თავშესაფრის მშენებლობას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ცხოველებს ტენდერის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანია ერთი თვის განმავლობაში უვლის, შემდეგ კი ბუნებაში აბრუნებს.