ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, 21 დეკემბერს, ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება”,– ნათქვამია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად…
Posted by გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2019
მერიაში აცხადებენ, რომ ნაძვის ხის ანთების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში, იაშვილის კლინიკასთ მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს. სწორედ ეს წარწერა დატოვა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე.
“ლუკა, ბოდიში”, “რატო მკლავ”, “შემდეგი შეიძლება შენ იყო”, — ეს წარწერები აქტივისტებმა თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ დატოვეს.
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.