დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძეს ყველამ დავუფიქსირეთ, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, თანამდებობის დატოვებაზე მისი პოზიცია არ მოგვისმენია

548

ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა, რომ აგრესიული პოსტის გამო ბოდიში აქვს მოსახდელი. ყველამ დაუფიქსირეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. მან ამის გასაკეთებლად დრო ითხოვა და ჩვენ ეს დრო მივეცით, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოში დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ორშაბათს ღამით განაცხადა.

როგორც დავითულიანმა განმარტა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის წევრები გაემიჯნენ. ამასთან, დავითულიანი აცხადებს, რომ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობრივ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებენ, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია.

„რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს, ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრა უმრავლესობის წევრებს არასრული შემადგნელობით. უმრავლესობის ყველა წევრი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, გაემიჯნა ამ განცხადებას და მკაფიოდ უთხრეს, რომ ეს იყო არასწორი და იყო მიზანშეუწონელი ამ განცხადების გაკეთება. ერეკლე კუხიანიძე გვეთანხმება იმაში, რომ ამ ფორმით და ასეთი ტიპის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. მან ითხოვა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ოჯახისთვის ბოდიში მოიხადოს ამ პოზიციიდან იმ აგრესიულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, რა გამონათქვამებიც გააკეთა. დანარჩენი ვნახოთ, ფრაქციის სხდომა ამ დღეებში შედგება, სხვა გადაწყვეტილებებს შემდეგში მივიღებთ. უმრავლესობის სხდომა ხვალ არ უნდა იყოს, ჯერ დრო არ არის დაზუსტებული. ამ შეხვედრაზე ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა, რომ გვეთანხმება იმაში, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ამგვარი აგრესიული პოსტის გამო. ჩვენ ყველამ დაუფიქსირეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. მან ითხოვა დრო ამის გასაკეთებლად, ჩვენ ეს დრო მივეცით. დანარჩენს შევხედავთ, ფრაქციის სხდომაზე თანამდებობრივ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მისი პოზიცია თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს არ მოგვისმენია, ზოგადად, მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ამბობს, თუმცა, კონკრეტულად ამაზე არ გვისაუბრია, ვინაიდან ეს ფრაქციის ფორმატში გადასაწყვეტია.

მე ვარ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მე აქ მხოლოდ ჩემ თავს არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ფრაქციას, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ფრაქცია, იმას გაგაცნობთ, ჯერჯერობით არც პირადს გეტყვით და არც სხვისას“, – განაცხადა დავითულიანმა.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.

მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

ორშაბათს საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ითხოვდნენ, რომ კუხიანიძეს საკრებულოს წევრობა დაეტოვებინა.