ადიგენში, საპატრიარქოსა და ადგილობრივებს შორის მიწის ნაკვეთებზე დაწყებული დავა სააპელაციოში გაგძელდება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 13 ოჯახი ასაჩივრებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დერცელისა და კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატებმა სარჩელი გასულ კვირას მოამზადეს.
ისინი ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
“11 დეკემბერს გავაგზავნეთ საჩივარი დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების შესახებ. ახალციხეში პარასკევს, 13 დეკემბერს მივიდა. ამ დღეებში უნდა გადაიგზავნოს აპელაციაში“, – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი მერი აღაპიშვილი.
სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო.
ადიგენში, 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადვაო არ არის, რადგან ადგილობრივები თანახმა არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმოს თავისი მიზნების განსახორციელებლად.