ზესტაფონის სოფელ არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

552

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფელ არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი კორპუსი უახლესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

„ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებს, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

არგვეთის საჯარო სკოლის ძველ კორპუსში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია აღარ მიმდინარეობს. შენობა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. მოსწავლეებს, ვიდრე ახალი სკოლა გაიხსნება, კერძო შენობაში უტარდებათ გაკვეთილები.

ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს ზედა საქარაშიც. პროექტის ღირებულება 4 362 360 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს. სასწავლო კორპუსი 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის მშენებლობა 2020 წლის იანვრის თვეში დასრულდება“, – აღნიშნავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.