აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დაამტკიცა

798

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, 2019 წელთან შედარებით აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა და 350 094 700 ლარი შეადგინა.

„მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარი, 11%-ია.

2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზრდება. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 2 362 000 ლარით მეტი დაიხარჯება. მომავალი წლიდან, პირველად, პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდება. 2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება.

2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპენსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება. 2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 2020 წელს აჭარის ბიუჯეტის 63% ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე დაიხარჯება, რაც 220 მლნ. ლარს შეადგენს.