გურჯაანის ვიცე-მერად თეიმურაზ ზავრაშვილი დაინიშნა

529

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია. ინფორმაციას სპრქტრი ავრცელებს.

„ბატონი თემურ ზავრაშვილი დაინიშნა მერის პირველ მოადგილედ, სიმონ ქოჩორაშვილმა დაიკავა მოადგილის პოზიცია. ამის შემდეგ ყველა ერთ გუნდად ვიმუშავებთ და უფრო ოპერატიულები ვიქნებით. ცვლილებაა ის, რომ თუ აქამდე ადმინისტრაციული სამსახური, მანამდე ჩემს დაქვემდებარებაში იყო, ახლა ეს მოვალეობა ვიცე მერს დაეკისრება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბატონი თეიმურაზი დიდი გამოცდილების ადამიანია“, – გნაცხადა ხანდამაშვილმა.

თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს რაიონისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს:

„სათქმელი ჯერ ბევრი არაფერი მაქვს, ბოლომდე არ გავცნობივარ მერიაში არსებულ სიტუაციას. ალბათ, რამდენიმე დღეში გახდენა ცნობილი რა არის გასაკეთებელი, წინასწარ დაპირებები და საუბარი ცოტა რთულია. ცხოვრების განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მიმუშავია. ყველაზე დიდი მისია, რომელიც დამეკისრა არის ჩემი ახალი თანამდებობა, ვინაიდან ვემსახურები ჩემს რაიონს. ერთადერთი, რაც ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ბოლომდე გავიხარჯები ხალხის საკეთილდღეოდ. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოში დიდი პრობლემაა კვალიფიციური კადრი, ვთვლი იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს მართვის კუთხით, რომ ჩემს რაიონს ბევრ რამეში წავადგები. ვიცი, ბევრი უძილო ღამეც მომიწევს, მაგრამ ეს არი ჩემი ცხოვრება, ასე ვიცხოვრე და ასე გავაგრძელებ.“

ვიცე-მერის დაქვემდებარებაში იქნება ადმინისტრაციული, იურიდიული, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ზედამხედველობის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურები.

თეიმურაზ ზავრაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა როგორც სამოქალაქო, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების სამსახურში.

1997 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ის სხვადასხვა მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად გახლავთ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

2017 წლიდან დღემდე იკავებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსის პოზიციას.

ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი შემდეგ სამსახურებს უხელმძღვანელებს: ადმინისტრაციული სამსახური; იურიდიული სამსახური; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური; ზედამხედველობის სამსახური;

მერის მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის საკურატორო სფეროში იქნება შემდეგი სამსახურები: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ეკონომიკის სამსახური; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

მერმა დამსწრე საზოგადოებას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან წინწალაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ქიტიაშვილი გააცნო.

ცნობისათვის, გურჯაანის მერიაში თანამდებობა მერის მოადგილე, ლელა თევდორაშვილმა ორშაბათს საკუთარი განცხადებით დატოვა.