გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე გორიდან თბილისში დაახლოებით 3 500 ადამიანი ჩავა. როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა, აქციაზე წასვლის მსურველი ბევრია, თუმცა ყველას თბილისში ჩამოყვანა ვერ ხერხდება.
“ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით და ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩასვლა და ამ საკითხის აღნიშვნა იგეგმება. ამიტომ, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი სამსახურებიდან, ქალაქიდან ყველას აქვს უფლება წავიდეს. ჩემს სამსახურებსაც ვთხოვე, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს. მათი ჩამოყვანის ორგანიზებას “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა ახდენს. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, თუმცა ყველას წაყვანის საშუალება არ არის, თუმცა დაახლოებით 3500 ადამიანი მიდის გორიდან”, – ამბობს გორის მერი.
14 დეკემბერს თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. “მასშტაბური შეკრების”, როგორც მას ჩაკვეტაძემ უწოდა, მიზეზი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობაა.
2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.