ქობულეთის ბაღებში ხორცის შესყიდვის ფასი საბაზროზე დაბალია

870

ქობულეთის ბიუჯეტში საბავშო ბაღების აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას ითხოვს ოპოზიცია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საბავშო ბაღების აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდის საკითხი სამშაბათს, სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა ხორც-პროდუქტის შესაძენად გამოყოფილი თანხის მოცულობამ სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

საკრებულოს დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბონდო თედორაძის მსგავსად, ბაღების გაერთიანებაშიც აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხის ერთი კილოგრამი ხორცის შესაძენად 19 ლარი საკმარისი არაა. გაერთიანებამ ბაზრის კვლევაც ჩაატარა და სავარაუდოდ თანხის 22 ლარამდე გაზრდას მოითხოვს. ქობულეთის მერიაში კი ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავენ. სიტყვიერად ირწმუნებიან, რომ ბავშვების სრულყოფილი აღზრდისთვის ყველაფერს გააკეთებენ.