ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე უცნობმა პირებმა, სკვერში მდებარე სკამები და ნაგვის ურნები ხევში გადაყარეს. დაზიანებული ინვენტარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ეს არის ახალციხეში ასპინძის ქუჩასთან ახლად გაკეთებული სკვერის ინვენტარი!!! ამ საქციელის ჩამდენის შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო ახალციხელებო“, – წერს გიორგი ბლუაშვილი სოციალურ ქსელში.
ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სკამების და ურნების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის.
“სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა პირველად არ მოხდარა ახალციხეში. ამტვრევენ და ყრიან ინვენტარს. ჩვენმა სამსახურმა ასპინძის ქუჩაზე გადაყრილი სკამები და ურნები უკვე შევაკეთა და დააბრუნა თავის ადგილზე“, –ამბობს ახალციხის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.
აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
“ვსწავლობთ და აუცილებლად მოვხდენთ შესაბამის რეაგირებას. მერიის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივებს გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გაუფრთხილდნენ საცხოვრებელ გარემოს და საზოგადოებრივ სივრცეს“, – აცხადებენ მერიაში.
ამ დროისთვის ინვენტარის დაზიანების მონაწილე პირთა იდენტიფიცირება არ მომხდარა.