მერის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიგი იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გადავიდა.
როგორც ჩვენთან საუბარში მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, მან განცხადება გათავისუფლებაზე საკუთარი სურვილით დაწერა.
„გიგი იმერლიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. მან მიიღო გადაწყვეტილება და დაწერა განცხადება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა და მსჯელობა. ალბათ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ვაკანსიას,“ – განაცხადა ხანდამაშვილმა.
ამ დროისთვის მერის წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტურია. speqtri.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე ააიპი გურჯაანის მუნიციპალური სერვისის განყოფილების უფროსის ზვიად კურდღელაშვილის კანდიდატურა მოიაზრება.