რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყოველთვის სიმართლეა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ამ კომენტარით მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ, ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. საუბარია იმ ნაწილზე, სადაც ივანიშვილი ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში საკუთარ როლზე საუბრობს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა- დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხეები გადაშენებას გადაარჩინა, ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: „რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“.