“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ინიციატივით, საქართველოში, ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვიდა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.
დელეგაციის წევრები არიან: იანუშ ონიშკევიჩი (პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი); დევიდ კრამერი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით), ქეთრინ ნუნი (ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი), ლორა თორნტონი (NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში), მარია ბაბიჩი (დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი), მელისა მუსიო (NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში) და მაიკლ მაკნოლტი (NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი).
“17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს”, – ნათქვამია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.
სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი