ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას, – ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია:
- 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
- 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი.
- 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
- 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.
- 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს თანამდებობის პირებს, მაგალითად: მათ შეუძლიათ ფლობდნენ წილს რომელიმე კომპანიაში, თუმცა ამ წილის მართვის უფლება დროებით სხვა პირს უნდა გადასცენ; ასევე, თანამდებობაზე ყოფნის დროს მათ ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ეკრძალებათ. ამ შეზღუდვების მიზანია ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენცია.
მათივე განმარტებით, შეზღუდვების ნაწილი ვრცელდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრებზეც, მაგალითად: თანამდებობის პირს ან მის ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს წილს საწარმოში, რომლის საქმიანობაც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის კონტროლს ექვემდებარება. ამ შეზღუდვის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა შეუთავსებლობა, როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, საკუთარი ან ოჯახის კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
სრული კვლევა იხილეთ აქ: